saqarTvelos myinvarebi - bubis myinvari

ტერიტორიული ერთეული ონის მუნიციპალიტეტი
ქედი რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონი
კოორდინატები 42°44`52` ჩ. გ. 43°45`11` ა. გ.
სიგრძე 2.7 კმ
ფართობი 1.5 კმ²
ტიპი ხეობური

 

ხეობის რთული ტიპის სამხრეთ-დასავლეთური ექსპოზიციის მყინვარი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს რაჭის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მწვერვალ ბუბის სამხრეთ კალთაზე. ასაზრდოებს მდინარე ჭანჭახის მარჯვენა შენაკადს მდინარე ბუბისწყალს. მყინვარის სიგრძე 2,7 კმ, ფართობი 1,5 კმ². თოვლის ხაზის სიმაღლე 3350 მ. მყინვარის ენის ბოლო 2765 მ-მდე ჩამოდის. იგი სამი ნაკადისაგან შედგება და ერთიანი განიერი ენით ხეობაში ზღვის დონიდან 3020 მეტრზე მთავრდება. შეცდომით მას თბილისას ეძახიან, რაც არასწორია. ყველა ადრეულ გამოცემებში და რაც მთავარია ადგილობრივი მოსახლეობა მას ბუბას უწოდებს.

ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის ეგიდით მყინვარზე წლების განმავლობაში ტარდებოდა სტაციონალური კვლევები, გლაციო-გეომორფოლოგიური და გლაციო-ჰიდრო-კლიმატური მიმართულებით. აღსანიშნავია ისიც რომ ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მყინვარ ბუბაზე დაფიქსირებული იყო სტაციონალური დაკვირვების ყველაზე გრძელი რიგი - 1965 წლიდან (რუსეთში მხოლოდ 1967 წლიდან დაიწყეს), რომელსაც სწორედ გეოგრაფიის ინსტიტუტი ატარებდა. აღნიშნული კვლევები 1990-იან წლებში შეწყდა.